ჯონ კირბი - აშშ-მა მიიღო „ჰამასის“ პასუხი მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ჩვენ ახლა ვაფასებთ მას
აშშ-მა მიიღო „ჰამასის“ პასუხი მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
როგორც კირბიმ აღნიშნა, სასარგებლოა, რომ „ჰამასმა“ თავისი პასუხი წარადგინა.
„ჩვენ მივიღეთ პასუხი, რომელიც „ჰამასმა“ მიაწოდა კატარსა და ეგვიპტეს და ჩვენ ახლა ვაფასებთ მას“, – განაცხადა კირბიმ.
აღნიშნულ საკითხზე „ჰამასმა“ ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ კატარელ და ეგვიპტელ შუამავლებს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ წინადადებაზე გარკვეული „შენიშვნებით“ უპასუხეს.
ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შეერთებული შტატების მიერ შემუშავებულ ისრაელ-ღაზას შორის ცეცხლის შეწყვეტის სამფაზიანი გეგმა 31 მაისს წარადგინა. პირველი ეტაპი ეხება მძევლებისა და ტყვეების გაცვლას, ასევე ცეცხლის ხანმოკლე შეწყვეტას; მეორე ეტაპი მოიცავს „საომარი მოქმედებების მუდმივ შეწყვეტას“ და ისრაელის ჯარების სრულად გაყვანას ღაზის სექტორიდან; მესამე ეტაპი ფოკუსირებულია რეგიონის გრძელვადიან პერსპექტივაზე და მოიცავს ღაზის რეკონსტრუქციის მრავალწლიან გეგმას.