ჯონ კირბი - აშშ ფლობს ინფორმაციას რუსეთის ტერიტორიაზე ჩრდილოთკორეელი სამხედროების წვრთნების შესახებ, თუმცა უცნობია, მიიღებენ თუ არა ისინი უშუალო მონაწილეობას უკრაინის წინააღმდეგ ომში
აშშ ფლობს ინფორმაციას რუსეთის ტერიტორიაზე ჩრდილოთკორეელი სამხედროების წვრთნების შესახებ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მიიღებენ თუ არა ისინი უშუალო მონაწილეობას უკრაინის წინააღმდეგ ომში, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
კირბის თქმით, ოქტომბრის დასაწყისიდან შუა რიცხვებამდე ჩრდილოეთ კორეამ, სულ მცირე, 3 000 ჯარისკაცი გაგზავნა აღმოსავლეთ რუსეთში.
„ჩვენი შეფასებით, სამხედროები ჩრდილოეთ კორეის პორტ ვონსანიდან გემებით გაემგზავრნენ რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკში. იქიდან ჩრდილოეთკორეელი სამხედროები გაემგზავრნენ რუსეთის აღმოსავლეთში მდებარე რამდენიმე სამხედრო საწვრთნელ ბაზაზე, სადაც ამჟამად გადიან მომზადებას“, – აღნიშნა მან.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა დააზუსტა, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია, მიიღებენ თუ არა სამხედროები უშუალო მონაწილეობას, რუს ჯარებთან ერთად, უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში.
„რა თქმა უნდა, ასეთი შესაძლებლობა მნიშვნელოვან შეშფოთებას იწვევს. მომზადების დასრულების შემდეგ ეს სამხედროები, შესაძლოა, დასავლეთ რუსეთში გაემგზავრონ, სადაც უკრაინელ სამხედროებს შეებრძოლებიან“, – განაცხადა კირბიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-მა უკრაინულ მხარეს გაუზიარა თავისი ხედვა სიტუაციასთან დაკავშირებით და ასევე მჭიდრო კავშირშია მოკავშირეებთან, პარტნიორებსა და რეგიონის ქვეყნებთან.
„ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო: თუ ჩრდილოეთკორეელი სამხედროები ჩაერთვებიან საომარ მოქმედებებში, ეს მოვლენა გამოავლენს რუსეთის მზარდ სასოწარკვეთილებას უკრაინის წინააღმდეგ ომში“, – აღნიშნა კირბიმ.