ჯონ კირბი აცხადებს, რომ აშშ-ის დაზვერვა არ იყო ინფორმირებული „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის გეგმის შესახებ
აშშ-ის დაზვერვა არ იყო ინფორმირებული „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის გეგმაზე. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
აღნიშნული განცხადება მოჰყვა New York Times-ის მიერ მომზადებულ სტატიას, სადაც საუბარია, რომ ისრაელმა „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბრის თავდასხმის შესახებ გაფრთხილება ერთი წლით ადრე მიიღო, თუმცა ის სათანადოდ არ შეაფასა.
ამის შემდეგ გამოცემა „პოლიტიკო“ წერდა, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომ ისრაელმა თავდასხმის შესახებ ინფორმაცია აშშ-ს მიაწოდა.
„დაზვერვამ აღნიშნა, რომ მათ არ ჰქონდათ წვდომა ამ დოკუმენტებზე“, – ამბობს კირბი.
კითხვაზე, წარმოადგენდა თუ არა 7 ოქტომბრის თავდასხმა ისრაელის დაზვერვის წარუმატებლობას, კირბიმ პასუხისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ ისრაელს ექნება დრო, რომ გამოიძიოს, რა გაკეთდა არასწორად.