ჯონ ბოლტონი - საქართველო ჩვენთვის უმაღლესი სტრატეგიული ინტერესის ქვეყანას წარმოადგენს
საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის უმაღლესი სტრატეგიული ინტერესის ქვეყანას წარმოადგენს, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა თბილისში ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შეჯამებისას აღნიშნა.
ბოლტონის შეფასებით, მას შესანიშნავი შეხვედრები ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან.
„საქართველოში ყოფნის შესაძლებლობა პირველად მაქვს და დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის.
შეხვედრების დროს მთელი რიგი საკითხები განვიხილეთ, რომლებიც რეგიონში სიტუაციასა და საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ორმხრივ ურთიერთობებს უკავშირდება. ჩემი მხრიდან აღვნიშნე, რამდენად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსთან ურთიერთობებს. ჩვენთვის საქართველო უმაღლესი სტრატეგიული ინტერესის ქვეყანას წარმოადგენს. მინდა, კვლავ დავადასტურო საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ რამდენად მტკიცე იყო ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. აგრეთვე დავადასტურე, რომ ჩვენი ეს პოზიცია არ შეცვლილა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთნ შეხვედრაზე საუბარი შეეხო შესაძლებლობებს, რომელიც საქართველო-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და რეგიონში თანამშრომლობას უკავშირდება.
„მთლიანობაში, ჩემს ვიზიტს და შეხვედრებს დღეს შევაფასებდი, როგორც ძალიან პოზიტიურსა და ძალიან პროდუქტიულს“, – განაცხადა ჯონ ბოლტონმა.
ჯონ ბოლტონი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, დღეს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდა.