ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი მიიჩნევს, რომ ირანის შეიარაღებული ძალების განლაგება სირიის ტერიტორიაზე არის იმის დასტური, რომ ირანის რეჟიმი მთელ რეგიონზე კონტროლის დამყარებას ცდილობს.
იერუსალიმში სიტყვით გამოსვლისას ბოლტონმა ისრაელის მიერ სირიაში ირანის პოზიციებზე მიტანილ იერიშს მხარი დაუჭირა.
„ირანს აქვს სტრატეგიული გეგმა, დაამყაროს კონტროლი ახლო აღმოსავლეთის რეგიონზე და გაზარდოს შიიტური გავლენა. ამისთვის იგი შესანიშნავად იყენებს მის მოკავშირე ჰეზბოლას ლიბანში და სირიის ალავიტურ მთავრობას. ირანის რაკეტები სირიის ტერიტორიაზეა განლაგებული მაშინ, როცა თეირანიდან პერმანენტულად ისმის მუქარა ისრაელის მისამართით. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათ ამ პროცესს წინ აღვუდგეთ“, – განაცხადა ბოლტონმა ისრაელში ვიზიტის დროს.
ჯონ ბოლტონმა ასევე აღნიშნა, რომ არსებობს საფრთხე, ბაშარ ალ ასადის რეჟიმმა სირიის მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი კვლავაც გამოიყენოს.