ჯონ ბოლტონი - დონბასის და ყირიმის საკითხი მხოლოდ ევროპული თემა არ არის
აშშ მზადაა შეუერთდეს ნებისმიერ ფორმატს, რომ უკრაინაში პროცესის მშვიდობიანად დარეგულირებაში მიიღოს მონაწილეობა, – ეს განცხადება უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
როგორც ბოლტონი ამბობს, მშვიდობიანი მოლაპარაკების ფორმატის შესახებ საკითხი დიდი შვიდიანის სამიტზეც იყო განხილული.
„ისინი ამზადებენ სამომავლოდ შეხვედრას ასეთ ფორმატში, მაგრამ ამას სჭირდება მომზადება. აშშ მზადაა, ყველა გზით შეუერთდეს ამ კუთხით ძალისხმევას. დონბასსა და ყირიმში საკითხის გადაჭრა, ისევე როგორც ისეთი გლობალური საკითხები, როგორიცაა რუსეთის როლი ევროპაში, სამხედრო ძალის გამოყენება ომის შემდგომ ევროპაში, არ უნდა განიხილებოდეს, როგორც მხოლოდ ევროპული თემა. ეს გლობალური საკითხებია. მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხად რჩება. ამიტომ, თუ პრეზიდენტი ზელენსკი მიიჩნევს, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ამ სიტუაციიდან გამოსავლის მოძიებაში, ჩვენ ეს შესაძლებლობა უნდა განვიხილოთ“, – განაცხადა ბოლტონმა.