ჯონ ბოლტონი - ამერიკელი ჯარისკაცები სირიას მაშინ დატოვებენ, როცა სირიელი ქურთების უსაფრთხოება დაცული იქნება
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის თქმით, ამერიკელი ჯარისკაცები სირიას მას შემდეგ დატოვებენ, რაც სირიელი ქურთების უსაფრთხოება დაცული იქნება. ეს განცხადება ბოლტონმა იერუსალიმში გააკეთა, სადაც ის ვიზიტით იმყოფება.
როგორც ბოლტონი ამბობს, აშშ ელოდება თურქეთისგან გარანტიას, რომ აშშ-ის მოკავშირე ქურთებს საფრთხე არ დაემუქრებათ. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ თურქეთის ნებისმიერი სამხედრო ოპერაცია სირიაში, ვაშინგტონთან უნდა იყოს შეთანხმებული.
რეგიონში ვიზიტის დროს ჯონ ბოლტონი ისრაელისა და თურქეთის ხელისუფლების წევრებთან მოლაპარაკებებს გამართავს.
აშშ-ის პრეზიდენტმა სირიიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის განკარგულება დეკემბერში გასცა. ამის შემდეგ სირიელმა ქურთებმა, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში აშშ-ის მოკავშირეებად ითვლებოდნენ, მათ მიერ დაკავებულ ქალაქებზე კონტროლი სირიის არმიას გადასცეს, რათა აღნიშნულ ქალაქებს თურქეთის შესაძლო თავდასხმა ააცილონ.