ჯო მაკჰიუ - ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა მიიღებს გამოწვევას და გააგრძელებს მუშაობას
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე საქართველოში ვიზიტად მყოფ ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯო მაკჰიუს და კომიტეტის წევრებს, შონ ჰოგისა და რორი ო მურქუს მოუსმინეს.
ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჯო მაკჰიუს განცხადებით, ირლანდია მხარს უჭერს საქართველოს.
„ვიზიტის მიზანია პარლამენტარებს შორის ურთიერთგაგების უზრუნველყოფა, საქართველოს უკეთესად შეცნობა, როგორც ფიზიკურად, ასევე მისი მოსახლეობის, ასევე იმის გაგება, თუ რა გავლენა აქვს ევროკომისიის გასული კვირის გადაწყვეტილებას. ჩვენ ინფორმირებული ვართ ბევრი ადამიანისგან. ახლა ვესაუბრე სპიკერს და ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელს. გზავნილი არის საკმაოდ თანმიმდევრული და ძლიერი. არის საქართველოს ამბიცია, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. მნიშვნელოვანი გზავნილი რაც მივიღეთ არის ის, რომ ეს მოგზაურობა წლების წინ დაიწყო. დიდი სამუშაო არის შესრულებული. ასევე, არის განსაკუთრებული საკითხები და პირობები, რომელიც განსაზღვრა ევროკომისიამ. ძალიან ცხადია, რომ საქართველოს საჯარო პოლიტიკურმა წარმომადგენლებმა მიიღეს გამოწვევა, ასევე იყო იმედგაცრუების გამოხატულება გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს გაწევრიანებას. ნდობის განვითარებისთვის და ურთიერთობებზე მუშაობისთვის, საჭიროა საკომუნიკაციო ხაზების ღიად დატოვება. ძალიან გაგვიმართლა და საქართველოს ძალიან გაუმართლა, რომ ჰყავს შესანიშნავი ელჩი დუბლინში, რომელიც ხაზს უსვამს სხვადასხვა დონეზე საქართველოს ამბიციებს და ხედვებს. პოლიტიკოსებს შორის კავშირის არსებობა მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ჯო მაკჰიუმ.
ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა მიიღებს გამოწვევას და გააგრძელებს მუშაობას.
„ასევე არის ურთიერთობების პოტენციალი მოქალაქეების დონეზე, რადგან პირველი ვიზიტიდან მიმაქვს სითბო, კეთილშობილება. აქ არის ღირებულებებზე დაფუძნებული სისტემა, რაც ევროკავშირის მნიშვნელოვანი ნაწილია. ევროინტეგრაცია პროცესია. არის პირობები და აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა მიიღებს გამოწვევას და გააგრძელებს მუშაობას იმ დიდ საფუძველზე, რაც უკვე შესრულებულია, ასევე განსაკუთრებულ პირობებზე და ამას დაეფუძნება. არ ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობას ჩემგან რჩევა სჭირდება, მაგრამ ჩემი გზავნილია მხარდაჭერა. მთავარი გზავნილი რაც მივიღეთ არის საქართველოს მოსახლეობის სურვილი გახდეს ევროპული პროექტის ნაწილი, იყოს არამხოლოდ სარგებლის მიმღები, არამედ წვლილი შემტანი. ბევრი რამ გავიგეთ ორ დღეში საქართველოზე. ბევრი რამ ხდება ამ ქვეყანაში, რაც არ ხდება სხვა ქვეყნებში ან თუნდაც ევროკავშირის ქვეყნებში“, – განაცხადა ჯო მაკჰიუმ.