აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების ხელშეწყობის გზებზე ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრა.
„პრეზიდენტი ბაიდენი ესაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს. საუბრისას განიხილეს ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება, ასევე დიპლომატიური ძალისხმევა რეგიონული დაძაბულობის დეესკალაციისთვის“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
თეთრი სახლის ცნობით, სატელეფონო საუბარში ჩართული იყო აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი.
შეგახსენებთ, ისრაელმა მხარი დაუჭირა გასულ კვირას შუამავლების მიერ დოჰაში წარმოდგენილ წინადადებას, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის დროებით შეწყვეტას და ისრაელელი მძევლების პალესტინელ პატიმრებზე გაცვლას ითვალისწინებს. თუმცა „ჰამასი“ ამ წინადადებას არ თანხმდება და აცხადებს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა, რაც ღაზის სექტორის საზღვრებზე სამხედრო წარმომადგენლობის შენარჩუნებას ითვალისწინებს და ეს „ჰამასისთვის“ მიუღებელია.