ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენს კოვიდის თანმდევი მსუბუქი სიმპტომები აქვს.
თეთრი სახლის პრესმდივნის, კარინ ჟან-პიერის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი ვაქცინირებულია და მას ბუსტერდოზაც გაკეთებული აქვს. ამასთან, ჟან-პიერმა აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენს „კოვიდ-19“ ორჯერ აქვს გადატანილი.
აშშ-ის პრეზიდენტის ექიმის, კევინ ო’კონორის თქმით, ბაიდენს აღენიშნებოდა სურდო და ხველა. ექიმის ცნობით, ბაიდენი იზოლირებული იქნება საკუთარ სახლში, დელავერში, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მითითებების შესაბამისად.
ცნობისთვის, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამდე რამდენიმე საათით ადრე, ჯო ბაიდენი ლას ვეგასში მხარდამჭერებს შეხვდა. მოგვიანებით მას ჩანიშნული ჰქონდა წინასაარჩევნო გამოსვლა, რაც გააუქმა. როგორც აღმოჩნდა, სწორედ ამ პერიოდში ჩაუტარდა ბაიდენს ტესტირება „კოვიდ -19“-ზე.