ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 60 მილიონი დოლარის ფინანსური დახმარების გამოყოფის განკარგულება გასცა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის პენტაგონის ბიუჯეტიდან 60 მილიონი დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარების გამოყოფის განკარგულება გასცა. შესაბამისი მემორანდუმი თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
უკრაინისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტთან ვლადიმირ ზელენსკისთან დაგეგმილი შეხვედრის წინ მიიღო. ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ ზელენსკის მოლაპარაკებები ვაშინგტონში 31 აგვისტოს უნდა გაიმართოს.
როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, ვიზიტის დროს დადასტურებული იქნება აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი დონბასსა და ყირიმში რუსეთის მიმდინარე აგრესიის ფონზე.