ჯო ბაიდენმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების კანონპროექტს ხელი მოაწერა
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების კანონპროექტს ხელი მოაწერა.
„ეს არის ძალიან კარგი დღე აშშ-ის, ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის, როცა ჩვენი მოკავშირეები ძლიერები არიან, ჩვენც ძლიერები ვართ. ამ კანონის ხელმოწერით აშშ და მთელი მსოფლიო უფრო უსაფრთხოდ იქნება“, – განაცხადა ბაიდენმა.
პაკეტი აერთიანებს ოთხ კანონპროექტს, რომლებსაც წარმომადგენელთა პალატამ გასულ კვირას ცალ-ცალკე კანონპროექტებად დაუჭირა მხარი. ოთხი კანონპროექტიდან ერთი ითვალისწინებს უკრაინის 61 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას, მეორე კი – ისრაელის დახმარებას 26 მილიარდი დოლარის ოდენობით. მესამე კანონპროექტი მოიცავს 8,1 მილიარდ დოლარის გამოყოფას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის. რაც შეეხება მეოთხე კანონპროექტს, ის სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკის“ აკრძალვის შესაძლებლობას იძლევა, ასევე მოიცავს რუსული აქტივების კონფისკაციას უკრაინის სასარგებლოდ და ახალ სანქციებს ირანის წინააღმდეგ.