აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ლგბტქი თემის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ღონისძიება პრაიდის თვის აღსანიშნავად გაიმართა.
საკუთარ მიმართვაში პრეზიდენტმა გააკრიტიკა ის ოპონენტები, რომელთა მიერ ინიცირებული კანონებიც, ბაიდენის განმარტებით, ლგბტქი თემის წევრთა უფლებებს არღვევს, კერძოდ კი, ტრანსგენდერი ახალგაზრდების წინააღმდეგაა მიმართული.
„ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, როგორც ერმა. ჩვენ უნდა შევეწინააღმდეგოთ ასობით უგულო, ცინიკურ კანონპროექტსა და კანონს, რომლებიც მიიღეს ცალკეულ შტატებში და რომლებიც მიმართულია ტრანსგენდერი ბავშვების წინააღმდეგ, რომლებიც საშინლად აფრთხობს ოჯახებს და ექიმების კრიმინალიზაციას ახდენს. ეს კანონები წარმოადგენს თავდასხმას იმ ძირითად ღირებულებებსა და თავისუფლებებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, როგორც ამერიკელებს. ეს არ არის გაზვიადებული ნათქვამი, ეს ფაქტია. საუბარი მაქვს უფლებაზე, იყო, ვინც ხარ, უფლებაზე, თავად მიიღო გადაწყვეტილება საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ, უფლებაზე, აღზარდო ბავშვები“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ზოგიერთ შტატში, სადაც უმრავლესობაში რესპუბლიკელები არიან, სკოლებში, დაწყებით კლასებში მასწავლებლებს აკრძალული აქვთ გენდერთან დაკავშირებული და სექსუალური განათლების საკითხების განხილვა.