ჯო ბაიდენმა სი ძინპინს დიქტატორი უწოდა
ჯო ბაიდენმა სი ძინპინს დიქტატორი უწოდა

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს დიქტატორი უწოდა. კალიფორნიაში დემოკრატიული პარტიის დონორთა მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ჩინური საჰაერო ბურთის ჩამოგდებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

პრეზიდენტის თქმით, სი ძინპინი ძალიან უკმაყოფილო იყო სადაზვერვო საჰაერო ბურთის გარშემო განვითარებული სკანდალის გამო.

„მიზეზი, რის გამოც სი ძინპინი ძალიან გაბრაზდა, როდესაც მე ჩამოვაგდე საჯაშუშო მოწყობილობებით აღჭურვილი საჰაერო ბურთი, იყო ის, რომ მან არ იცოდა მისი იქ ყოფნის შესახებ. სერიოზულად ვამბობ. ეს სამარცხვინოა დიქტატორებისთვის, როდესაც არ იციან, რა მოხდა. როდესაც ის ჩამოვარდა, შერცხვენილად გრძნობდა თავს. მან საერთოდ უარყო ბურთის იქ ყოფნა“, – განაცხადა ბაიდენმა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სი ძინპინს ორი დღის წინ, 19 ივნისს შეხვდა. მხარეები პეკინსა და ვაშინგტონს შორის სერიოზული უთანხმოების არსებობას აღიარებენ. თუმცა, მოლაპარაკებების გაგრძელებაზე თანხმდებიან. სი ძინპინს ჯო ბაიდენის მიერ მის დიქტატორად მოხსენიებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.