ჯო ბაიდენმა სამხედრო და სადაზვერვო სამსახურებს სენსიტიური ინფორმაციის დაცვის გასაძლიერებლად ზომების მიღება დაავალა
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენმა სამხედრო და სადაზვერვო სამსახურებს სენსიტიური ინფორმაციის დაცვის გასაძლიერებლად ზომების მიღება დაავალა, – ამის შესახებ ნათქვამია ჯო ბაიდენის განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.
„მივესალმები სამართალდამცავი ორგანოების მიერ მიღებულ სწრაფ ქმედებებს აშშ-ის მთავრობის საიდუმლო დოკუმენტების ბოლოდროინდელი გავრცელების გასაძიებლად და რეაგირებისთვის. ვიდრე ჩვენ ჯერ კიდევ ვადგენთ ამ დოკუმენტების ნამდვილობას, მე დავავალე ჩვენს სამხედრო და სადაზვერვო უწყებებს, გადადგან ნაბიჯები სენსიტიური ინფორმაციის დაცვის გასაძლიერებლად და გავრცელების შესაზღუდად. ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი მჭიდრო კოორდინაციაშია ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან“, – ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.
მანამდე, ირლანდიაში ვიზიტის დასრულებისას აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იუსტიციის დეპარტამენტს დაავალა, გაერკვიათ, თუ რატომ ჰქონდა წვდომა საიდუმლო მასალაზე აშშ-ის ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალების 21 წლის წევრს, რომელსაც ბრალი ედება სამხედრო დაზვერვის საიდუმლო ჩანაწერების გავრცელებაში.