ჯო ბაიდენმა მსოფლიოში ფასების ზრდის მიზეზად „კოვიდ-19“-ის პანდემია და ვლადიმერ პუტინი დაასახელა
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ფასების ზრდის მიზეზად „კოვიდ-19“-ის პანდემიასა და ვლადიმერ პუტინს ასახელებს. შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გაავრცელა.
„მე ვიცი, რომ ოჯახები ჯერ კიდევ ებრძვიან მაღალ ფასებს. გავიზარდე ოჯახში, სადაც თუ გაზი ძვირდებოდა, ჩვენ ამას ვგრძნობდით. მოდით, აბსოლუტურად მკაფიოდ განვმარტოთ, რის გამო არის ფასები ახლა მაღალი: „კოვიდისა“ და ვლადიმერ პუტინის გამო. უკრაინაში პუტინის ინტერვენციამ მთელ მსოფლიოში გაზისა და საკვების ფასების ზრდა გამოიწვია. ჩვენ ვიხილეთ ეს ინფლაციის ბოლო მონაცემებში“, – აღნიშნავს ჯო ბაიდენი.
აშშ-ის პრეზიდენტის მონაცემებით, გასულ თვეში ინფლაციის ზრდის 70 პროცენტი პუტინის ქმედებების შედეგი იყო.
„მე ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია, რათა დავწიო ფასები და მოვაგვარო პუტინის ფასების ზრდის საკითხი. სწორედ ამიტომ, გავეცი განკარგულება ყოველდღიურად მილიონი ბარელი ნავთობის გამოყოფის შესახებ წარმოების გასაზრდელად, აშშ-ის ნავთობმწარმოებლებთან მუშაობასთან ერთად და განვახორციელე ნავთობის ამ გამოყოფის კოორდინაცია მთელ მსოფლიოში პარტნიორებთან და მოკავშირეებთან. გაზის ფასის გარდა, მე მოვუწოდე კონგრესს, დაუყოვნებლივ იმოქმედონ ოჯახების კომუნალური გადასახადების შესამცირებლად, წამლების გამოსაწერად, ინფლაციური ზემოქმედების შესამსუბუქებლად დეფიციტის შემცირებასთან ერთად. ამას დიდი მნიშვნელობა ექნება ოჯახებისთვის“, – აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში.