ჯო ბაიდენმა მიანიშნა, რომ აშშ-მა შეიძლება, მოხსნას უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვა
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიანიშნა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, შეიძლება, მოხსნას უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც „ბიბისი“ წერს, ამ საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია „ამჟამად მუშაობს ამ საკითხზე“. მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა Sky News-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ აშშ-მა, შეიძლება, შეცვალოს პოზიცია უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების შეზღუდვასთან დაკავშირებით.
„ჩვენ არასდროს გამოვრიცხავთ, მაგრამ როდესაც ნებართვას ვიძლევით, გვინდა, დავრწმუნდეთ, რომ ეს ხელს უწყობს იმას, რისი მიღწევაც უკრაინელებს სურთ“, – განაცხადა ბლინკენმა.
„როიტერის“ ცნობით, ანონიმურმა წყაროებმა გასულ კვირას განაცხადეს, რომ აშშ მუშაობს შეთანხმებაზე, რომელიც უკრაინას მისცემს იმას, რაც მას სჭირდება რუსეთთან საბრძოლველად, მაგრამ იარაღის მიწოდების ყველა საკითხზე შეთანხმების მიღწევას რამდენიმე თვე დასჭირდება.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა, რომ „უკრაინისთვის აბსოლუტური პრიორიტეტია სამართლიანი მშვიდობა და ყოველი რაკეტა, ყოველი დრონი და ყველა მტრული ნაბიჯი, ყოველი მცდელობა ამ ომის გახანგრძლივებისა და გამწვავებისა მიიღებს პასუხს მსოფლიოსგან“.
ცნობისთვის, 10 სექტემბერს ბლინკენმა განაცხადა, რომ ბაიდენი 13 სექტემბერს შეხვდება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს. სახელმწიფო მდივნის ინფორმაციით, ოფიციალური პირები განიხილავენ უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის რუსეთის სიღრმეში დარტყმების განხორციელების ნებართვის საკითხს.