აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კორონავირუსთან ბრძოლის ახალი გეგმა წარადგინა, რომელიც ლოკდაუნის გამოცხადებას არ ითვალისწინებს.
როგორც ბაიდენმა განაცხადა, გეგმა ფოკუსირებულია მოსახლეობის ვაქცინაციაზე. გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 50 მილიონი „კოვიდ“-ტესტის გაკეთებას მოქალაქეები შინიდან გაუსვლელად უფასოდ შეძლებენ.
ამასთან ერთად, ბაიდენმა გააფრთხილა აშშ-ის მოქალაქეები, რომ ზამთარში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რიცხვის მატებაა მოსალოდნელი.
„ჩვენ „კოვიდ-19“-ის ახალ ვარიანტს მეცნიერებითა და სისწრაფით ვაჯობებთ, არა ქაოსით და დაბნეულობით. ნაბიჯები, რომელსაც მე ვაცხადებ, „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში ყველა ამერიკელს გააერთიანებს“, – განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენის გეგმა ითვალისწინებს შეზღუდვების დაწესებას მოგზაურებისთვის. აშშ-ში ჩასულ მოგზაურებს კოვიდტესტის გაკეთება მოუწევთ, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი აცრილები. პირბადეების ტარება 18 მარტამდე სავალდებულო იქნება ყველა სახის ტრანსპორტში.
ბაიდენმა „კოვიდ-19“-თან ბრძოლის ახალი გეგმა მაშინ წარადგინა, როდესაც მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის ახალი შტამი ვრცელდება. აშშ-ში ამ დროისთვის „ომიკრონის“ ორი შემთხვევა დაფიქსირდა.