ჯო ბაიდენმა კონგრესს მოუწოდა, უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას მხარი დაუჭიროს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესს მოუწოდა, უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას მხარი დაუჭიროს.
„გულწრფელად რომ გითხრათ, გასაოცარია, აქამდე რომ მივედით. კონგრესი და კონგრესში მყოფი რესპუბლიკელები მზად არიან, რომ პუტინს უდიდესი საჩუქარი გაუკეთონ“, – განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაზე გამარჯვება მოსკოვს ნატო-ს წევრებზე თავდასხმის მდგომარეობაში დატოვებს.
„თუ პუტინი უკრაინას დაიპყრობს, ის იქ არ შეჩერდება. პუტინი თავს დაესხმება ნატო-ს წევრებს და შემდეგ ჩვენ გვეყოლება ამერიკელი ჯარისკაცები, რომლებიც რუს ჯარისკაცებთან იბრძვიან. ჩვენ არ შეგვიძლია, პუტინს გამარჯვების საშუალება მივცეთ“, – აცხადებს ბაიდენი.
ბაიდენის თქმით, რუსი სამხედროები ომის დანაშაულებს ჩადიან.
„ვინ არის მზად, რომ პასუხისმგებლობა დააკისროს პუტინს ამ ქმედებისთვის?“ – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
შეგახსენებთ, დღეს სენატში დემოკრატები და რესპუბლიკელები უკრაინისა და ისრაელისთვის მხარდაჭერის გაგრძელების შესახებ მოლაპარაკებებს მართავდნენ, რათა კომპრომისისთვის მიეღწიათ, თუმცა დემოკრატმა სენატორმა, კრის მერფიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალა, რადგან უკრაინის დახმარების პაკეტში არ მოხვდა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების საკითხი, ხოლო რესპუბლიკელებს არ სურთ საზღვრის საკითხზე უკან დახევა.