ჯო ბაიდენმა კონგრესს მოუწოდა, ბენზინზე ფედერალური გადასახადი სამი თვით შეაჩეროს, რათა ფასის რეკორდულ ზრდას გაუმკლავდეს
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესს მოუწოდა, ბენზინზე ფედერალური გადასახადი სამი თვით შეაჩეროს, რათა ფასის რეკორდულ ზრდას გაუმკლავდეს. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა მიმართვისას განაცხადა. თუმცა როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, ბაიდენის თანაპარტიელი კანონმდებლების მხრიდან წინააღმდეგობა ნაკლებად სავარაუდოს ხდის, რომ კონგრესი პრეზიდენტის თხოვნას დააკმაყოფილებს.
როგორც ბაიდენმა აღნიშნა, ამერიკელი ოჯახები, რომლებსაც ბენზინისთვის გაცილებით მეტის გადახდა უწევთ, რაც გამოწვეულია ნაწილობრივ რუსეთის ინტერვენციით უკრაინაში, იმსახურებენ ფინანსურ შემსუბუქებას.
„მე სრულად ვაცნობიერებ, რომ მხოლოდ საწვავზე საგადასახადო შეღავათი პრობლემას ვერ აღმოფხვრის, თუმცა ოჯახებს გარკვეულ მყისიერ შემსუბუქებას მოუტანს, მისცემს ამოსუნთქვის მცირე საშუალებას მაშინ, როდესაც ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ფასების გრძელვადიანად შემცირებისთვის“, – განაცხადა ბაიდენმა.
მან ასევე მოუწოდა შტატებს, დროებით შეაჩერონ საწვავზე ადგილობრივი გადასახადი, რომელიც ხშირად ფედერალურ გადასახადზე მაღალია.
ფედერალური გადასახადი ერთ გალონ ბენზინზე 18,4 ცენტს შეადგენს, ხოლო დიზელზე – 24,4 ცენტს.
როგორც დემოკრატი, ისე რესპუბლიკელი კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ ასეთ ნაბიჯს საწვავის ფასებზე შეზღუდული ეფექტი ექნება. ხოლო წარმომადგენელთა პალატის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, პიტერ დეფაზიომ განაცხადა, რომ გადასახადის გაუქმება მინიმალური შეღავათი იქნება და მნიშვნელოვნად შეამცირებს საგზაო ფონდის ბიუჯეტს, რაც ხიდების შესაკეთებლად და თანამედროვე ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის არის საჭირო.