ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის მიერ აღიარებული ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებისთვის სანქციების დაწესების შესახებ
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის მიერ აღიარებული ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. შესაბამისი განკარგულება თეთრი სახლის ოფიციალურ ვებ-გევრდზე გამოქვეყნდა.
დაწესებული შემზღუდავი ზომები კრძალავს აშშ-ის წარმომადგენლების ფინანსურ საქმიანობასა და ინვესტიციებს უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში, ასევე ნებისმიერი პროდუქციის, მომსახურების ან ტექნოლოგიების ამ რეგიონებიდან აშშ-ში შეტანას ან აშშ-დან ამ რეგიონებში ექსპორტს.
ჯო ბაიდენის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ „რუსეთის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარება ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებებით მასზე ნაკისრ ვალდებულებებს და დამატებით საფრთხეს უქმნის უკრაინის მშვიდობას, სტაბილურობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ამგვარად, წარმოადგენს განსაკუთრებულ საფრთხეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკისთვის“.
რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთებული მიმართვისას გამოაცხადა.