აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ღაზაში ომის დასასრულებლად ისრაელსა და „ჰამასს“ შეთავაზება წარუდგინა და აღნიშნა, რომ „დროა ეს ომი დასრულდეს.“ ამის შესახებ ბაიდენმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. აშშ-ის პრეზიდენტმა სამეტაპიანი გეგმა წარადგინა.
ბაიდენის თქმით, პირველი ეტაპი არის ექვსკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა, რომლის დროსაც ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის დასახლებულ პუნქტებს დატოვებენ, ამის შემდეგ „ჰამასმა“ ასობით პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ უნდა გაათავისუფლოს ისრაელელი მძევლები – მათ შორის ქალები, მოხუცები და დაჭრილები, ხოლო გარდაცვლილი მძევლების ცხედრები ისრაელელ ოჯახებს გადასცენ. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, შემდეგ პალესტინელები დაუბრუნდებიან საკუთარ სახლებს ღაზის ყველა რაიონში და გაიზრდება ჰუმანიტარული დახმარება, რაც ნიშნავს იმას, რომ ღაზაში დღეში 600 სატვირთო მანქანა შევა და საერთაშორისო საზოგადოება ასობით ათას პირს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს.
ამასთან, ამ ექვსი კვირის განმავლობაში აშშ-ისა და კატარის შუამავლობით მოლაპარაკებები გაგრძელდება, ხოლო წარმატების შემთხვევაში, დაიწყება გეგმის შემდეგი, მეორე ფაზა. გეგმის თანახმად, ეს ეტაპი მოიცავს ყველა ცოცხალი მძევლის გათავისუფლებას, მათ შორის მამაკაცი ჯარისკაცების. მოხდება ყველა ისრაელელი სამხედროს ღაზიდან გამოსვლა, ცეცხლის შეწყვეტის ეტაპი კი უნდა გაგრძელდეს საომარი მოქმედებების სამუდამოდ შეწყვეტამდე.
რაც შეეხება საბოლოო, მესამე ფაზას, ბაიდენის წინადადების თანახმად, ამ დროს ღაზაში გარდაცვლილი ყველა ისრაელელი მძევლის ცხედარი გადაეცემა ისრაელს და დაიწყება ღაზის რეკონსტრუქცია.
ბაიდენის თქმით, ღაზის აღდგენისთვის საჭიროა პალესტინისა და ისრაელის ლიდერების გაერთიანება ისე, რომ „ჰამასს“ არ მიეცეს ხელახალი შეიარაღების საშუალება, ხოლო აშშ დაეხმარება ღაზას სკოლებისა და საავადმყოფოების აშენებაში.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ გეგმით საუდის არაბეთთან ურთიერთობის ნორმალიზება და რეგიონში ირანის საფრთხის დაძლევის შესაძლებლობა გაჩნდება.
„მე მოვუწოდებ ისრაელის ლიდერებს, რომ, ნებისმიერი ზეწოლის მიუხედავად, მხარი დაუჭირონ ამ შეთავაზებას”, – თქვა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელელი ხალხი უნდა დაფიქრდეს და არ უნდა დაკარგოს ეს შანსი, „ჰამასი“ კი უნდა დათანხმდეს ამ წინადადებას.
„ისრაელმა შესთავაზა თავისი წინადადება და „ჰამასი“ ამბობს, რომ სურს ცეცხლის შეწყვეტა – ეს შეთანხმება არის შესაძლებლობა იმის დასამტკიცებლად, მართლა ფიქრობენ თუ არა ისინი ამას. „ჰამასი“ უნდა დათანხმდეს ამ წინადადებას“, – ამბობს ბაიდენი.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თვეების განმავლობაში ხალხი ითხოვს ცეცხლის შეწყვეტას და ახლა არის დრო, მოითხოვონ, რომ „ჰამასი“ დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და დაეთანხმოს შეთანხმებას.
„ეს პროგრესი ისრაელს კიდევ უფრო უსაფრთხოს გახდის და აღარ მოუწევს ტერორისტული თავდასხმის ჩრდილში ცხოვრება. ეს ყველაფერი განსხვავებული და უკეთესი მომავლის პირობებს, ღირსეულ და თავისუფალ მომავალს შექმნის პალესტინელი ხალხისთვის“, – თქვა ბაიდენმა.