ჯო ბაიდენმა გამოსცა ბრძანება, რომელიც რუსეთში აშშ დოლარის კუპიურებისა და ფუფუნების საგნების ექსპორტს, გაყიდვასა და მიწოდებას კრძალავს
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა ბრძანება, რომელიც კრძალავს რუსეთში აშშ დოლარის კუპიურებისა და ფუფუნების საგნების ექსპორტს, გაყიდვას და მიწოდებას.
აღნიშნულის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების მიხედვით, აშშ-ის ფიზიკური ან იურიდიული პირის მხრიდან, პირდაპირ ან ირიბად, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, იკრძალება რუსეთის ფედერაციის მთავრობისთვის ან რუსეთის ფედერაციაში მყოფი ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის დოლარის ბანკნოტების ექსპორტი, რეექსპორტი, გაყიდვა ან მიწოდება. ასევე, აშშ კრძალავს რუსეთში ფუფუნების საგნების ექსპორტს.
ამასთან, თეთრი სახლის განცხადების მიხედვით, აშშ-ში იკრძალება რუსეთში დამზადებული თევზეულის, ზღვის პროდუქტების, ალკოჰოლური ნაწარმისა და არაინდუსტრიული ბრილიანტების, ასევე იმ პროდუქციის იმპორტი, რომელსაც აშშ-ის ხაზინის, სახელმწიფო და ვაჭრობის დეპარტამენტები ერთმანეთთან კონსულტაციების შედეგად განსაზღვრავენ.
დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთს შეღავათიანი სავაჭრო პარტნიორის სტატუსი ჩამოერთმევა.