ჯო ბაიდენმა ფლორიდის მოსახლეობას ქარიშხალ „მილტონთან“ დაკავშირებით მიმართა
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ფლორიდის მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიმართა.
ბაიდენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქარიშხალი „მილტონი“ მესამე კატეგორიით ფასდება, ხალხმა ყურადღება არ უნდა მოადუნოს. მანამდე კი ცნობილი იყო, რომ სინოპტიკოსებმა „მილტონს“ მაქსიმალური, მეხუთე კატეგორია მიანიჭეს.
„არავინ უნდა დაიბნეს. კვლავ მოსალოდნელია, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ქარიშხალი, რომელიც გასული საუკუნის განმავლობაში არ დაფიქსირებულა ფლორიდაში“, – აღნიშნა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ფლორიდის მოსახლეობას, რომ დაემორჩილონ ევაკუაციის ბრძანებას.
„ზოგჯერ მხოლოდ რამდენიმე მილით გადაადგილება შეიძლება იყოს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
შეგახსენებთ, ფლორიდას ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხალი „მილტონი“ უახლოვდება. მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გაიცა. ფლორიდის რომელი ნაწილისთვის იქნება „მილტონი“ ყველაზე დამანგრეველი, ეს ჯერ არ იციან, თუმცა ვარაუდობენ, რომ ქარიშხალი ფლორიდის მჭიდროდ დასახლებულ ქალაქ ტამპას დაატყდება. ქარიშხალ მილტონის სიძლიერე გუშინდელთან შედარებით ორჯერ გაიზარდა და მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო გაფართოვდება. ეს ნიშნავს, რომ მისი კატასტროფული შედეგები გაცილებით დიდ ტერიტორიაზე იქნება საგრძნობი.