ჯო ბაიდენმა ექვსი ტრილიონი დოლარის ოდენობის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარადგინა
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ექვსი ტრილიონი დოლარის ოდენობის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.
2022 წლის ბიუჯეტის პროექტი კორპორაციებისთვის და მდიდარი მოქალაქეებისთვის გადასახადების გაზრდას ითვალისწინებს. ფინანსური დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს სოციალური პროგრამების ხარჯების გაზრდას და კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში ინვესტიციებს.
ჯო ბაიდენის წარდგენილი გეგმის თანახმად, სახელმწიფო ვალი 2031 წლისთვის მშპ-ის 117 პროცენტს შეადგენს, რაც მეორე მსოფლიო ომის დროს არსებულ დონეს აღემატება.
აშშ-ის პრეზიდენტის მიერ წარდგენილი გეგმა პენტაგონისა და სხვა სახელმწიფო უწყებების საოპერაციო ხარჯებისთვის 1,5 ტრილიონ დოლარს ითვალისწინებს. ასევე, მოიცავს ჯო ბაიდენის მიერ მანამდე წარდგენილ ორ გეგმას – 2,3 ტრილიონი დოლარი დასაქმების გეგმისთვის და 1,8 ტრილიონი დოლარი ოჯახების დახმარებისთვის.
წარდგენილი პროექტი ითვალისწინებს 800 მილიარდ დოლარს კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლისა და მწვანე ენერგიაში ინვესტიციებისთვის. 200 მილიარდ დოლარს 3-4 წლის ბავშვებისთვის სკოლამდელი დაწესებულებებისთვის, 109 მილიარდ დოლარს ყველა ამერიკელისთვის საზოგადოებრივ კოლეჯში ორწლიანი განათლებისთვის, 115 მილიარდ დოლარს ხიდებისა და გზებისთვის, 160 მილიარდ დოლარს კი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის და რკინიგზისთვის, 100 მილიარდ დოლარს ინტერნეტზე წვდომის გაუმჯობესებისთვის.
ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილი ბიუჯეტის პროექტი კონგრესმა უნდა დაამტკიცოს. რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა უკვე გააკრიტიკა ფინანსური გეგმა და ის ზედმეტად ძვირად შეაფასა.
თავად დემოკრატი პრეზიდენტი ბაიდენი აცხადებს, რომ ბიუჯეტის პროექტი პირდაპირ ინვესტიციას დებს ამერიკელ ხალხში, ის გააძლიერებს ქვეყნის ეკონომიკას და გააუმჯობესებს ფისკალურ მდგომარეობას.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 ფისკალური წლის პროექტის მიხედვით, საქართველოსთვის 88 მილიონის დოლარის ოდენობით დახმარება უნდა გამოიყოს.