ჯო ბაიდენმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატო-ს სამიტის ფარგლებში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს. შეხვედრა ბრიუსელში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში გაიმართა.
ეს პრეზიდენტის რანგში ჯო ბაიდენის თურქეთის პრეზიდენტთან პირველი პირისპირ შეხვედრაა.
როგორც მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ჯო ბაიდენმა განაცხადა, ეს იყო ძალიან კარგი შეხვედრა. აშშ-ის პრეზიდენტს შეხვედრაზე განსახილველ თემებზე არ უსაუბრია.
როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, თურქეთსა და დასავლელ მოკავშირეებს შორის უთანხმოების მიზეზს ანკარას მიერ რუსული სარაკეტო სისტემების შეძენა, სირიის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა, ადამიანის უფლებები, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის ქმედებები წარმოადგენს. გამოცემა წერს, რომ ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობებზე ასევე აისახა ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება.