უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ამის შესახებ კანცლერის პრესსპიკერი სტეფან ჰებესტრიტი იუწყება.
მისი თქმით, ლიდერები უკრაინაში არსებულ ვითარებას „ძალიან სერიოზულად” აფასებენ, რამდენადაც არსებობს რუსეთის შემდგომი სამხედრო აგრესიის რისკი. როგორც კანცლერის პრესსპიკერმა აღნიშნა, ლიდერების შეფასებით, საჭიროა „მაქსიმალური სიფხიზლე, ვინაიდან ჯერ რუსეთს უკრაინის საზღვრიდან შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი არ გაუყვანია“.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტიც და გერმანიის კანცლერიც, მიესალმებიან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას, დიპლომატიური ძალისხმევის გაგრძელებასთან დაკავშირებით.
ლიდერები თანხმდებიან, რომ მნიშვნელოვანია მინსკის შეთანხმების რეალიზაციაში წინსვლა და ნორმანდიულ ფორმატში პროგრესის მიღწევა.