ჯო ბაიდენმა და კამალა ჰარისმა, ისრაელზე განხორციელებული თავდასხმიდან ერთი წლის გასვლასთან დაკავშირებით, დაჯგუფება „ჰამასის“ ქმედებები დაგმეს
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა ისრაელზე განხორციელებული თავდასხმიდან ერთი წლის გასვლასთან დაკავშირებით დაჯგუფება „ჰამასი“ დაგმეს.
ბაიდენმა და ჰარისმა გავრცელებულ განცხადებაში დაადასტურეს მათი ადმინისტრაციის ვალდებულება, ხელი შეუწყონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ღაზასა და ლიბანში ბრძოლების დასასრულებლად.
ჯო ბაიდენის განცხადებით, ის კვლავ ფიქრობს მძევლებზე, რომლებიც დღემდე ტყვეობაში იმყოფებიან. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, მისი ადმინისტრაცია არასდროს დანებდება, ვიდრე ყველა დარჩენილი მძევალი უსაფრთხოდ არ დაბრუნდება სახლში.
ამასთან, კამალა ჰარისმა ყურადღება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აუცილებლობაზე გაამახვილა.
„უკვე დიდი ხანია, დროა, გაფორმდეს მძევლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რათა დასრულდეს უდანაშაულო ადამიანების ტანჯვა. მე ყოველთვის ვიბრძოლებ, რომ პალესტინელმა ხალხმა შეძლოს ღირსების, თავისუფლების, უსაფრთხოებისა და თვითგამორკვევის უფლების რეალიზება“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა.