ჯო ბაიდენმა დახმარების პაკეტის შეფერხებით დამტკიცებისთვის ვოლოდიმირ ზელენსკის ბოდიში მოუხადა
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართა.
ბაიდენმა უკრაინელ კოლეგას ბოდიში მოუხადა სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გადაცემის შეფერხებისთვის.
„ბოდიშს ვიხდი იმ კვირების გამო, როცა არ ვიცოდი, რა მოხდებოდა დაფინანსების კუთხით, რადგან კონსერვატიულმა წევრებმა პრობლემა შეგვექმნეს კანონპროექტის მიღებისას, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე უკრაინის დახმარების ახალი, 225 მილიონი დოლარის მოცულობის პაკეტი დააანონსა.
„თქვენ არ დანებებულხართ და აგრძელებთ ბრძოლას გზით, რომელიც გასაოცარია. არ ვაპირებთ თქვენს მიტოვებას“, – განაცხადა ბაიდენმა.