ჯო ბაიდენმა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯები გააკრიტიკა
აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ქალაქ ნეშვილში გამართული სატელევიზიო დებატების დროს დონალდ ტრამპის მიერ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯები გააკრიტიკა.
ბაიდენის თქმით, აშშ-ში 220 ათასი ადამიანი გარდაიცვალა ვირუსისგან და ამაზე პასუხისმგებლობა აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს ეკისრება.
„220 ათასი ამერიკელი გარდაიცვალა. მეტი არაფერი მაქვს სათქმელი. პირი, რომელიც ამაზე პასუხისმგებელია, არ შეიძლება, დარჩეს აშშ-ის პრეზიდენტად. ახლა ათასობით ადამიანი კვდება ვირუსის შედეგად. ახალი შემთხვევის რაოდენობა ყოველდღიურად 70 000-ს აღწევს. პროგნოზების მიხედვით, აშშ-ში კიდევ 200 000 ადამიანი დაიღუპება ვირუსის გამო. პრეზიდენტის მრჩევლების თქმით, მხოლოდ დამცავი პირბადის ტარებით, შესაძლებელია ათასობით ამერიკელის სიცოცხლის გადარჩენა. ასეთ რთულ ვითარებაშიც კი პრეზიდენტ ტრამპს ვირუსთან ბრძოლის გეგმა არ აქვს. მოვუწოდებდი ყველას, ატარონ პირბადე. ასევე უზრუნველვყოფდი მოქალაქეების სწრაფ ტესტირებას. ასევე, ჩემი ინიციატივით შევიმუშავებდით ეროვნულ სტანდარტს, რომელთა მიხედვით გავხსნიდით სკოლებს და ბიზნესს, რათა მათ საქმიანობა უსაფრთხოდ შეძლონ. ასევე მივცემდი მათ საჭირო რესურსებს. ჩვენ ახლა ვართ სიტუაციაში, როდესაც მსოფლიოში ცნობილი ექსპერტები აღიარებენ, რომ დონალდ ტრამპის მიერ ვირუსის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯები ტრაგიკული იყო. ამას მოვაგვარებდი და ჩვენ გვექნებოდა გეგმა“, – განაცხადა ბაიდენმა.
მან ასევე თქვა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ყველა საჭირო შემოწმებას გაივლიდა და მხოლოდ ამის შემდეგ გახდებოდა ხელმისაწვდომი. ბაიდენმა შეახსენა ამომრჩეველს, რომ ტრამპი არაერთხელ დაპირდა მოქალაქეებს, რომ ვირუსი აღდგომას დასრულდებოდა. თუმცა ასე არ მოხდა.
„ჩვენ ბნელი ზამთარი უნდა გავიაროთ და ამ დროს პრეზიდენტ ტრამპს არ აქვს მკაფიო გეგმა. მან არ იცის, იქნება თუ არა ვაქცინა მომავალი წლამდე ფართოდ ხელმისაწვდომი ამერიკელების უმრავლესობისთვის“, – განაცხადა ბაიდენმა.
დონალდ ტრამპი აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ამ სიტყვებს არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ ის სწორად მოიქცა, როდესაც ჩინეთიდან და ევროპიდან მოგზაურთა აშშ-ში ჩასვლა აკრძალა. მისივე თქმით, ჯო ბაიდენის დროს აშშ-ში ღორის გრიპი გავრცელდა და წინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გადადგმული ნაბიჯები ფიასკოთი დასრულდა.