ჯო ბაიდენის განცხადებით, პუტინს მკაფიოდ უთხრა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთს „საშინელი ფასის“ გადახდა მოუწევს
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თქმით, მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში თუ შეიჭრება, შედეგები რუსეთის ეკონომიკისთვის გამანადგურებელი იქნება.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ბაიდენის განცხადებით, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთის მიმართ დანარჩენი მსოფლიოს დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვლება და რუსეთს „საშინელი ფასის“ გადახდა მოუწევს.
ჯო ბაიდენის განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში მოკავშირეებთან ერთად აშშ აღმოსავლეთ რეგიონში მეტ ჯარისკაცს გააგზავნის, რათა რუსეთის აგრესიისგან დაიცვას ის ქვეყნები, რომელთა დაცვის ვალდებულება ალიანსს აქვს აღებული, თუმცა რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, უკრაინაში შეიარაღებული ძალების გაგზავნა არასდროს ყოფილა დღის წესრიგში.
ამასთან, ბაიდენის განცხადებით, აშშ მოკავშირეებთან ერთად აგრძელებს უკრაინელი ხალხის თავდაცვითი შესაძლებლობებით უზრუნველყოფას და მომავალშიც გააგრძელებს.
„აბსოლუტურად მკაფიოდ განვუცხადე პრეზიდენტ პუტინს, რომ ის უკრაინაში თუ შეიჭრება, შედეგები მისი ეკონომიკისთვის იქნება გამანადგურებელი, დამანგრეველი. მეორე, ჩვენ საჭიროდ ჩავთვლით, გავაგზავნოთ მეტი ჯარისკაცი აღმოსავლეთ ფლანგზე და ნატო-ს იმ ქვეყნებში, რომელთა დაცვის ვალდებულება ავიღეთ რუსეთის მხრიდან ნებისმიერი თავდასხმის შემთხვევაში. მესამე – რუსეთის მიმართ დანარჩენი მსოფლიოს დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვლება და მას საშინელი ფასის გადახდა მოუწევს“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.