ჯო ბაიდენის განცხადებით, პუტინის სასარგებლოდ მოქმედებენ ისინი, რომლებიც ხელს უშლიან უკრაინის სამხედრო დახმარებაზე ახალი კანონპროექტის მიღებას
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ პუტინის სასარგებლოდ მოქმედებენ ისინი, ვინც ხელს უშლიან უკრაინის სამხედრო დახმარების თაობაზე ახალი კანონპროექტის მიღებას.
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ომის მეორე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებაში ბაიდენმა აღნიშნა, რომ ორწლიანი ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ უკრაინელი ჯარისკაცები აგრძელებენ ბრძოლას, მაგრამ მათ ეწურებათ საბრძოლო მასალა.
„უკრაინას სჭირდება დიდი მარაგები აშშ-სგან, რათა გაამაგროს ხაზი რუსეთის უწყვეტი თავდასხმების წინააღმდეგ, რომელსაც ეხმარებიან იარაღით და საბრძოლო მასალით ირანიდან, ჩრდილოეთ კორეიდან. სწორედ ამიტომ, წარმომადგენელთა პალატამ უნდა მიიღოს ორპარტიული დამატებითი ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი, ვიდრე ეს გვიანი იქნება“, – აღნიშნავს ბაიდენი განცხადებაში.
ამასთან, ბაიდენის განცხადებით, ამერიკელმა ხალხმა და ხალხებმა მთელ მსოფლიოში უნდა გაიგონ, რომ ბრძოლის ფსონები უკრაინის ფარგლებს სცილდება.
„ათი წლის წინ პუტინმა ყირიმის ოკუპაცია მოახდინა, შექმნა მარიონეტული რეჟიმები უკრაინის ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში. ორი წლის წინ ეცადა უკრაინის რუკიდან გაქრობას. პუტინი სიკვდილისა და ნგრევის ფასს თუ არ გადაიხდის, ის გააგრძელებს მოქმედებას და გაიზრდება ფასი შეერთებული შტატებისთვის – ნატო-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ევროპაში, მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.