ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-ის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ქაბულის აეროპორტთან თავდასხმა „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანეთში მოქმედი ფრთის წევრებმა მოაწყვეს
ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-ის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ქაბულის აეროპორტთან თავდასხმა „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანეთში მოქმედი ფრთის წევრებმა მოაწყვეს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-ის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ქაბულის აეროპორტთან თავდასხმა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანეთში მოქმედი ფრთის წევრებმა მოაწყვეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ მზადაა, მიიტანოს იერიში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერებზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი.

„მათ, ვინც განახორციელა ეს თავდასხმა, და ყველამ, ვისაც სურს, ზიანი მიაყენოს აშშ-ს, იცოდეთ, ჩვენ არ გაპატიებთ და არ დავივიწყებთ. ჩვენ გიპოვით და საფასურს გადაგახდევინებთ. მე დავიცავ ჩემი ქვეყნის ინტერესებს ნებისმიერი საშუალებით, რომელიც მაქვს. ჩვენ ბოლო რამდენიმე კვირის წინ შევიტყვეთ, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები გათავისუფლდნენ ციხეებიდან და ამზადებდნენ კომპლექსურ თავდასხმებს აშშ-ის პერსონალზე და სხვებზე. სწორედ ამიტომ ვამბობდი, რომ ეს მისია არის ძალიან სახიფათო და სწორედ ამიტომ ვიყავი მოწადინებული, რომ ამ მისიის ვადა შეზღუდული ყოფილიყო“, – განაცხადა ბაიდენმა.

მან მიუსამძიმრა ავღანეთის აეროპორტთან აფეთქებების შედეგად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს და მათ გმირები უწოდა.

სიცოცხლეები, რომლებიც დღეს დავკარგეთ, ეს არის მსხვერპლი, რომელიც მათ თავისუფლებისთვის, უსაფრთხოებისთვის და ამერიკის სამსახურისთვის გაიღეს. ისევე როგორც მათი თანამებრძოლები, რომლებიც დაიღუპნენ ჩვენი ხედვის და ღირებულებების დასაცავად, ტერორიზმთან ბრძოლაში“, – განაცხადა ბაიდენმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიუხედავად ტერორისტული აქტისა, აშშ გააგრძელებს ამერიკელების, ვაშინგტონის მოკავშირე ქვეყნების მოქალაქეებისა და ავღანელების ევაკუაციას.

„ჩვენ ვერ შეგვაჩერებენ ტერორისტები. ჩვენ არ მივცემთ მათ საშუალებას, ჩვენი მისია შეაჩერონ, ჩვენ გავაგრძელებთ ევაკუაციას. მე ასევე დავავალე სამხედროებს, შეიმუშაონ გეგმა, რომლითაც „ისლამური სახელმწიფოს“ ინფრასტრუქტურაზე და ხელმძღვანელობაზე იერიშს მივიტანთ. ჩვენ ძალისმიერ პასუხს გავცემთ იმ დროსა და იმ ადგილზე, რომელსაც თავად შევარჩევთ, ტერორისტები არ გაიმარჯვებენ. ჩვენ დავიხსნით ამერიკელებს და ჩვენს მოკავშირეებს. ამერიკას ვერ დააშინებენ“, – განაცხადა ბაიდენმა.

ბრიფინგის ბოლოს მან კიდევ ერთხელ ისაუბრა ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის გადაწყვეტილებაზე და თქვა, რომ აშშ-ს ავღანეთში დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის მიზანი არასდროს ჰქონდა დასახული და 20-წლიანი ომი უნდა დასრულებულიყო.

„მე არასდროს მივიჩნევდი, რომ ჩვენ უნდა გავწიროთ ამერიკელების სიცოცხლე ავღანეთში დემოკრატიული მთავრობის შექმნის მცდელობისთვის. ავღანეთი არის ქვეყანა, რომელიც არასდროს ისტორიაში არ ყოფილა ერთიანი. ის შედგება სხვადასხვა ტომებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან ერთად“, – განაცხადა ბაიდენმა.