ჯო ბაიდენი - ყოვლისშემძლე ღმერთი თუ დაეშვება დედამიწაზე და მეტყვის, პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გამოვეთიშო, შესაძლოა, ასეც მოვიქცე, მაგრამ ღმერთი დედამიწაზე არ ჩამოვა
ყოვლისშემძლე ღმერთი თუ დაეშვება დედამიწაზე და მეტყვის, პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გამოვეთიშო, შესაძლოა, ასეც მოვიქცე, მაგრამ ყოვლისშემძლე ღმერთი დედამიწაზე არ ჩამოვა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ტელეკომპანია „ეიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რითიც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „თუ დაარწმუნებენ, რომ ტრამპის დამარცხება არ შეუძლია, გამოეთიშება თუ არა საარჩევნო მარათონს?“
„მე ჩემი თავი ორ რამეში დავარწმუნე, რომ მე ყველაზე კვალიფიცირებული ადამიანი ვარ და ვიცი, როგორ დავამარცხო ტრამპი, როგორ მივაღწიო შედეგს“, – აღნიშნა ბაიდენმა.
ამავე ინტერვიუში ბაიდენმა უარი თქვა, ჩაიტაროს „კოგნიტური ტესტი“ და მისი შედეგები გაასაჯაროოს. მისივე თქმით, ის „„კოგნიტურ ტესტს“, ფაქტობრივად, ყოველდღე გადის, როდესაც თეთრ სახლში საქმიანობს“.
აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პირველ სატელევიზიო დებატებზე მისი წარუმატებელი გამოსვლის მიზეზი გადაღლილობა და გაციება იყო.
როგორც „ბიბისი“ წერს, „ეიბისისთან“ 22-წუთიან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლა უფრო მკაფიო იყო, ვიდრე დონალდ ტრამპთან დებატებისას, თუმცა ბაიდენის ხმა მაინც სუსტი იყო.
ცნობისთვის, სატელევიზიო დებატების შემდეგ დემოკრატიული პარტიის წევრების ნაწილი და დონორები მოუწოდებენ ბაიდენს, გამოეთიშოს საპრეზიდენტო მარათონს, რაზეც ის უარს ამბობს.