ჯო ბაიდენი - ვლადიმერ პუტინი ფიქრობდა, რომ თავს დაესხმებოდა უკრაინას და მსოფლიო გადატრიალდებოდა, ამის ნაცვლად, მას დახვდა სიძლიერის კედელი, დახვდა უკრაინელი ხალხი
ექვსი დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა იფიქრა, რომ შეარყევდა თავისუფალი მსოფლიოს საფუძველს, ფიქრობდა, რომ თავისი მუქარის გზით დააჩოქებდა, თუმცა ის ძლიერად შეცდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესში ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ბაიდენის თქმით, პუტინი ფიქრობდა, რომ თავს დაესხმებოდა უკრაინას და მსოფლიო გადატრიალდებოდა.
„ამის ნაცვლად, მას დახვდა სიძლიერის კედელი, რომელსაც ვერასდროს იფიქრებდა ან წარმოიდგენდა, მას დახვდა უკრაინელი ხალხი. პრეზიდენტი ზელენსკი და თითოეული უკრაინელი, მათი უშიშროება, სიმამაცე და სიმტკიცე შთააგონებს მსოფლიოს. მოქალაქეების ჯგუფები ბლოკავენ აჩერებენ საკუთარი სხეულით, ყველა – დაწყებული სტუდენტებით, დამთავრებული პენსიონერებით და მასწავლებლებით, გახდნენ ჯარისკაცები და იცავენ საკუთარ სამშობლოს. ამ ბრძოლაში, როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა ევროპარლამენტში გამოსვლისას, სინათლე გაიმარჯვებს სიბნელეზე.
დღეს ჩვენთან ერთად აქ იმყოფება უკრაინის ელჩი, რომელიც ზის პირველი ლედის გვერდით. მოდით, თითოეული ჩვენგანი წამოვდგეთ ფეხზე ამ პალატაში და გავუგზავნოთ უტყუარი სიგნალი უკრაინას და მთელ მსოფლიოს. ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინელი ხალხის გვერდით დგას“, – განაცხადა ბაიდენმა.
მისივე თქმით, როდესაც დიქტატორები არ იხდიან საფასურს თავიანთი აგრესიისთვის, ისინი უფრო მეტ ქაოსს ქმნიან.
„ჩვენი ისტორიის განმავლობაში ჩვენ ვისწავლეთ ეს გაკვეთილი – როდესაც დიქტატორები არ იხდიან საფასურს თავიანთი აგრესიისთვის, ისინი უფრო მეტ ქაოსს ქმნიან. ისინი განაგრძობენ სვლას. ამერიკისა და მსოფლიოს წინაშე საფასური და საფრთხეები იზრდება. სწორედ ამიტომ, შეიქმნა ნატო-ს ალიანსი, რათა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მშვიდობა და სტაბილურობა უზრუნველეყო. 29 სხვა ქვეყანასთან ერთად მისი წევრია ამერიკის შეერთებული შტატები. მას აქვს მნიშვნელობა, ამერიკულ დიპლომატიას აქვს მნიშვნელობა, ამერიკის სიმტკიცეს აქვს მნიშვნელობა.
პუტინის ომი იყო წინასწარ განზრახული და არაპროვოცირებული. მან უარი თქვა დიპლომატიურ ძალისხმევაზე. ის ფიქრობდა, რომ დასავლეთი და ნატო არ უპასუხებდნენ და ის შეძლებდა ჩვენს დაყოფას აქ ამ პალატაში, ამ ქვეყანაში და ასევე, ევროპაში. პუტინი ცდებოდა. ჩვენ მზად ვიყავით. ჩვენ ერთიანი ვართ და ჩვენ ერთიანი დავრჩით“, – განაცხადა ბაიდენმა.