ჯო ბაიდენი - ვინმე თუ ფიქრობს, რომ პუტინი უკრაინაზე გაჩერდება, გარწმუნებთ, ის არ გაჩერდება, უკრაინას შეუძლია, შეაჩეროს პუტინი, თუ მის გვერდით დავდგებით, მე ქედს არ მოვიხრი
ჯო ბაიდენი - ვინმე თუ ფიქრობს, რომ პუტინი უკრაინაზე გაჩერდება, გარწმუნებთ, ის არ გაჩერდება, უკრაინას შეუძლია, შეაჩეროს პუტინი, თუ მის გვერდით დავდგებით, მე ქედს არ მოვიხრი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ თუ უკრაინას დაშორდება, ევროპა რისკის ქვეშ აღმოჩნდება.

როგორც ბაიდენმა კონგრესში ყოველწლიური მიმართვისას განაცხადა, აშშ დარჩება ერთგული ნატო-სა და ევროპის უსაფრთხოების მიმართ.

„ამ ოთახში ვინმე თუ ფიქრობს, რომ პუტინი უკრაინაზე გაჩერდება, გარწმუნებთ, ის არ გაჩერდება. უკრაინას შეუძლია, შეაჩეროს პუტინი, თუ ჩვენ დავდგებით უკრაინის გვერდით და მივაწვდით იარაღს, რომელიც მას სჭირდება თავის დასაცავად. მხოლოდ ამას ითხოვს უკრაინა. ისინი არ ითხოვენ ამერიკელ ჯარისკაცებს. უკრაინისთვის დახმარებას ბლოკავენ ისინი, ვისაც სურს, რომ დავშორდეთ მსოფლიო ლიდერობას“, – აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.

ამასთან, ბაიდენმა აღნიშნა – „ჩემი გზავნილი პუტინისადმი, რომელსაც დიდი ხანია, ვიცნობ, მარტივია  – ჩვენ არ წავალთ. ჩვენ ქედს არ მოვიხრით. მე ქედს არ მოვიხრი, პირდაპირი გაგებით“.

„კონგრესს მივმართავ: ჩვენ პუტინს უნდა აღვუდგეთ. გამომიგზავნეთ ორპარტიული ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი. შეერთებული შტატები თუ უკრაინას დატოვებს, ეს უკრაინას რისკის ქვეშ დააყენებს. ევროპას საფრთხე ემუქრება. თავისუფალი სამყარო იქნება საფრთხის ქვეშ და წააქეზებთ მათ, ვისაც ჩვენთვის ზიანის მოყენება სურს“,- აღნიშნა ბაიდენმა.

სიტყვით გამოსვლისას ჯო ბაიდენმა ჩინეთთან აშშ-ის ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი ჩინეთთან „ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა“.

„ჩვენ გვინდა კონკურენცია ჩინეთთან და არა კონფლიქტი. ვეწინააღმდეგებით ჩინეთის უსამართლო ეკონომიკურ პრაქტიკას“, – აღნიშნა ბაიდენმა და პირობა დადო, რომ აშშ დაიცავს ტაივანს.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ქვეყნის საზღვრის უსაფრთხოების საკითხზეც ისაუბრა. მან სასაზღვრო კანონპროექტის წარუმატებლობაში დონალდ ტრამპი დაადანაშაულა და კანონმდებლები გააკრიტიკა. ჯო ბაიდენის თქმით, კონგრესის წევრებს დონალდ ტრამპმა მოუწოდა, რომ კანონპროექტი დაებლოკათ.

„მე მითხრეს, რომ ჩემმა წინამორბედმა დაურეკა კონგრესის წევრებს სენატში, რათა მოეთხოვათ კანონპროექტის დაბლოკვა. ის გრძნობს, რომ ჩემთვის ეს პოლიტიკური გამარჯვება იქნება და მისთვის – პოლიტიკური მარცხი“, – აღნიშნა ბაიდენმა.

მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი მას მისცემს საშუალებას, დროებით დახუროს საზღვრები, როდესაც მიგრანტების გადაჭარბებული რაოდენობა დაფიქსირდება.