ჯო ბაიდენი - ვაშინგტონი ბრიტანეთის გვერდით დგას რუსეთის აგრესიისგან უკრაინის თავდაცვის საკითხში
პუტინი ვერ გაიმარჯვებს უკრაინის ომში, უკრაინელი ხალხი გაიმარჯვებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან შეხვედრის დროს განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონი ბრიტანეთის გვერდით დგას რუსეთის აგრესიისგან უკრაინის თავდაცვის საკითხში. ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას ფიქრობს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ გაჟღერებულ ომის მუქარაზე, აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ვლადიმერ პუტინზე ბევრს არ ფიქრობს.
ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემაა ახლო აღმოსავლეთის ომიც, სადაც მნიშვნელოვანია ცეცხლის სწრაფად შეწყვეტა და მძევლების გათავისუფლება. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ვაშინგტონს და ლონდონს შორის მოლაპარაკებები ასევე ეხება ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგიონს, რომელიც სამომავლო პერსპექტივაში ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონი გახდება.
თავის მხრივ, ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას აქვს საერთო საქმე გლობალურ საკითხებში და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დიალოგი არა მხოლოდ როგორც ტაქტიკაზე, არამედ უფრო ფართო სტრატეგიაზე.
შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის მიერ დასავლური შეიარაღებით დარტყმების ნებართვის შესახებ ინფორმაცია არ გაჟღერებულა. კითხვაზე, დაარწმუნა თუ არა ბაიდენი, ნება მისცეს უკრაინას, გამოიყენოს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე, კირ სტარმერმა უპასუხა, რომ მათ ჰქონდათ გრძელი და პროდუქტიული დისკუსია რამდენიმე საკითხზე, მათ შორის უკრაინაზე.
„სტრატეგიულად ვისაუბრეთ ტაქტიკურ გადაწყვეტილებაზე. ეს არ ეხება კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩვენ, ცხადია, ხელახლა დავუბრუნდებით სულ რამდენიმე დღეში ინდივიდების უფრო ფართო ჯგუფთან ერთად. არსებობს მხოლოდ ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ვაწარმოებთ ამ დისკუსიებს და ეს არის ის, რომ პუტინი უკანონოდ შეიჭრა უკრაინაში და ამის გადაწყვეტის ყველაზე სწრაფი გზა აშკარად მდგომარეობს იმაში, თუ რას აკეთებს პუტინი რეალურად, რადგან მან უნდა დაასრულოს ეს კონფლიქტი. მაგრამ ჩვენ ვაწარმოებთ დისკუსიებს. ჩვენ უკრაინის გვერდით ვიდექით. უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება. ჩვენ ვიყავით ერთიანი, არა მხოლოდ ჩვენს მოკავშირეებთან, აშშ-ში, არამედ ნატო-ს მოკავშირეებთან ერთად, ეს ჩვენთვის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ დღეს იყო შესაძლებლობა, ვისაუბროთ არა მხოლოდ კონკრეტულ ნაბიჯზე ან ტაქტიკაზე, არამედ სტრატეგიაზე უკრაინასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კირ სტარმერმა.