ჯო ბაიდენი - უქმად ყოფნისა და ერთმანეთში კამათის დრო აღარ არის, კაცობრიობის არსებობას საფრთხე ემუქრება
უქმად ყოფნისა და ერთმანეთში კამათის დრო აღარ არის, კაცობრიობის არსებობას საფრთხე ემუქრება, – ამის შესახებ გაერო-ს კლიმატურ კონფერენციაზე გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.განაცხადა. მან მსოფლიო ლიდერებს გლობალური დათბობის შესაჩერებლად გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. აშშ-ის ლიდერის თქმით, კლიმატური ცვლილებების შესაჩერებლად უკიდურესად მნიშვნელოვანია განვითარებადი ქვეყნების მხარდაჭერა.
„უქმად ყოფნისა და ერთმანეთში კამათის დრო აღარ არის. ეს ჩვენი კოლექტიური ცხოვრების წინაშე არსებული გამოწვევაა. კაცობრიობის არსებობას საფრთხე ემუქრება და ყოველი გადადებული დღით, უმოქმედობის საფასური იზრდება. დაე, ეს იყოს მომენტი, როდესაც ჩვენ ისტორიის გამოწვევას აქ გლაზგოში ვუპასუხებთ. მოდით, ეს იყო გარდასახვითი ქმედებების ათწლეულის დასაწყისი, რაც ჩვენს პლანეტას გადაარჩენს და მთელ მსოფლიოში ადამინების ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს“, – განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის ლიდერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აპრილში გამოცხადებული გეგმა, რომლის თანახმადაც, ქვეყანამ 2030 წლისთვის, 2005 წელთან შედარებით, სათბური აირების გამოყოფა 50-52%-ით უნდა შეამციროს.
„ჩვენ ვაჩვენებთ მთელ მსოფლიოს, რომ აშშ არა მხოლოდ დაბრუნდა მოლაპარაკებების მაგიდასთან, არამედ თავისი მაგალითით წარმოადგენს ლიდერს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ბაიდენის თქმით, აშშ-ის ადმინისტრაციის კლიმატური ვალდებულებები არის მოქმედება და არა სიტყვები.
„მე ვიცი, რომ ეს ასე არ ყოფილა და ამიტომ ჩემი ადმინისტრაცია ზეგანაკვეთურად მუშაობს, რათა აჩვენოს, რომ ჩვენი კლიმატური ვალდებულებები არის მოქმედება და არა სიტყვები“, – აღნიშნა ბაიდენმა.
ამასთან, გლაზგოში კლიმატური კონფერენციის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე გამოსვლისას ჯო ბაიდენმა ბოდიში მოიხადა, რომ წინამორბედმა ადმინისტრაციამ პარიზის კლიმატური შეთანხმება დატოვა.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარიზის კლიმატური შეთანხმებიდან გასვლის შესახებ 2017 წლის ივნისში განაცხადა. ჯო ბაიდენი აღნიშნულ შეთანხმებას დაუბრუნდა, როგორც კი პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა.