ჯო ბაიდენი - ტრამპსაც აქვს შესაძლებლობა, განაჩენი გაასაჩივროს, ასე მუშაობს ამერიკული მართლმსაჯულების სისტემა
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ ტრამპის შესახებ მიღებულ გამამტყუნებელ განაჩენს ეხმაურება.
ბაიდენის თქმით, ტრამპს ყველანაირი შესაძლებლობა მიეცა თავის დასაცავად, ნაფიცი მსაჯულები კი ხუთი კვირის განმავლობაში ისმენდნენ მტკიცებულებებს, რის შემდეგაც განაჩენი ერთსულოვნად გამოიტანეს და 34-ვე ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს.
„ყველას მსგავსად, ტრამპსაც აქვს შესაძლებლობა, გაასაჩივროს განაჩენი. ასე მუშაობს ამერიკული მართლმსაჯულების სისტემა“, – აღნიშნა ბაიდენმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, საუბარი იმის შესახებ, რომ ეს გადაწყვეტილება გაყალბებულია, არის უპასუხისმგებლობა.
„ჩვენმა მართლმსაჯულების სისტემამ თითქმის 250 წელს გაუძლო“, – განაცხადა ბაიდენმა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპს 2016 წლის წინასაარჩევნო ფონდიდან დახარჯულ 130 ათას დოლარს ედავებოდნენ, რომელიც დოკუმენტებში სამართლებრივი მომსახურების ხარჯებად გატარდა, რეალურად კი, ეს თანხა პორნოვარსკვლავ შტორმი დენიელსს ტრამპთან სექსუალური კავშირის შესახებ დუმილის სანაცვლოდ გადაუხადეს.