ჯო ბაიდენი თეთრ სახლში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შეხვდება
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 23 სექტემბერს თეთრ სახლში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰაიანს შეხვდება.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
კირბის თქმით, ვაშინგტონში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ეს ვიზიტი პირველი იქნება.
„ეს იქნება არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ვაშინგტონში, შესაბამისად, ისტორიული მოვლენაა“, – განაცხადა კირბიმ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორისაა ღაზაში ომი, ვითარება სუდანში და ხელოვნური ინტელექტის თემა. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისიც შეხვდება. ჯონ კირბის განმარტებით, რეგიონულ საკითხებთან დაკავშირებით ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი განიხილავენ ღაზაში არსებულ კრიზისს, არაბთა გაერთიანებული საამიროების მნიშვნელოვან როლს ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებაში, ასევე სუდანის კრიზისს. ამასთან, კირბიმ აღნიშნა, რომ საჭიროა გაძლიერდეს ძალისხმევა ჰუმანიტარული დახმარების მარშრუტების გასახსნელად და ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად.