ჯო ბაიდენი - თავისუფლება არასდროს ყოფილა უფასო, დემოკრატიებს ყოველთვის სჭირდებათ ჩემპიონები, დღეს დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის მრავალწლიან ბრძოლაში უკრაინა და მისი ხალხი მოწინავე ხაზზე არიან
დღეს დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის მრავალწლიან ბრძოლაში უკრაინა და მისი ხალხი მოწინავე ხაზზე არიან და იბრძვიან თავიანთი ქვეყნის გადასარჩენად, თუმცა მათი ბრძოლა არის უფრო დიდი ბრძოლის ნაწილი, რომელიც ყველა ხალხს აერთიანებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე უცნობი ჯარისკაცის საფლავის გვირგვინით შემკობის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინელების ბრძოლა არის უფრო დიდი ბრძოლის ნაწილი დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის.
„ახლა, როდესაც რუსეთი აწარმოებს მორიგ აგრესიულ ომს თავისუფლების, დემოკრატიის, მეზობელი უკრაინის კულტურის და იდენტობის გასანადგურებლად, ჩვენ ცხადად ვხედავთ ყველაფერს, რაც დევს სასწორზე. თავისუფლება არასდროს ყოფილა უფასო, დემოკრატიებს ყოველთვის სჭირდებათ ჩემპიონები. დღეს დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის მრავალწლიან ბრძოლაში უკრაინა და მისი ხალხი მოწინავე ხაზზე არიან და იბრძვიან თავიანთი ქვეყნის გადასარჩენად, თუმცა, მათი ბრძოლა არის უფრო დიდი ბრძოლის ნაწილი, რომელიც ყველა ხალხს აერთიანებს. ეს არის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობდა ბევრი პატრიოტი, რომლებმაც მარადიული განსასვენებელი აქ, ამ წმინდა მიწაზე ჰპოვეს. ეს არის ბრძოლა დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის“, – განაცხადა ბაიდენმა.
ჯო ბაიდენის თქმით, ეს არის ბრძოლა არსებითი დემოკრატიული პრინციპებისთვის, კანონის უზენაესობისთვის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, საუბრის, წერის, შეკრების თავისუფლებისთვის, რელიგიური თავისუფლებისა და პრესის თავისუფლებისთვის, რაც არის არსებითი თავისუფალი საზოგადოებისთვის.