ჯო ბაიდენი - თავდამსხმელის მოტივზე ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს, გავეცი მითითება, რომ გამოძიება იყოს საფუძვლიანი და სწრაფი, დონალდ ტრამპმა უკვე მიიღო უსაფრთხოების გაზრდილი დონე
ჯო ბაიდენი - თავდამსხმელის მოტივზე ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს, გავეცი მითითება, რომ გამოძიება იყოს საფუძვლიანი და სწრაფი, დონალდ ტრამპმა უკვე მიიღო უსაფრთხოების გაზრდილი დონე

თავდამსხმელის მოტივზე ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც დონალდ ტრამპზე განხორციელებულ თავდასხმაზე ისაუბრა.

„ჩვენ ვიცით, ვინ არის თავდამსხმელი. მე მოვუწოდებ ყველას, გთხოვთ, ნუ გააკეთებთ რაიმე ვარაუდებს მის მოტივებსა და პოლიტიკურ შეხედულებებზე. ნება მიეცით გამოძიების ფედერალურ ბიუროს, გააკეთოს თავისი საქმე. მე მივეცი მითითება, რომ ეს გამოძიება იყოს საფუძვლიანი და სწრაფი. გამომძიებლებს ექნებათ ყველანაირი რესურსი, რაც მათ სჭირდებათ ამის შესასრულებლად“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ამერიკის პრეზიდენტი სიტყვით გამოსვლისას ასევე შეეხო ტრამპთან გამართულ სატელეფონო საუბარს.

„ჩვენ გვქონდა მოკლე, მაგრამ კარგი საუბარი. ჯილი და მე ვაგრძელებთ მისთვის და მისი ოჯახისთვის ლოცვას“, – აღნიშნა ბაიდენმა.

როგორც ბაიდენი ამბობს, მან უკვე მიმართა საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელს, გადახედოს უსაფრთხოების ზომებს რესპუბლიკელთა ეროვნულ ყრილობაზე, რომელიც ხვალ იგეგმება. ბაიდენმა ასევე მოითხოვა დამოუკიდებელი შემოწმება, რათა დაადგინონ, ზუსტად რა მოხდა, რის შედეგებსაც აუცილებლად აცნობებენ ამერიკელ ხალხს.

„ტრამპმა, როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა და რესპუბლიკელების კანდიდატმა უკვე მიიღო უსაფრთხოების გაზრდილი დონე და მე გამუდმებით ვაძლევდი მითითებას უსაფრთხოების სამსახურს, რომ უზრუნველეყოთ ყველა რესურსი, შესაძლებლობები და დაცვა, რომელიც აუცილებელია მისი მუდმივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესროლეს. შედეგად ის დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე. კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია. აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პენსილვანიაში მომხდარი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო. ამასთან, საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, რომ ტრამპზე თავდასხმაში მონაწილე პირი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ის განეიტრალებულია.