ჯო ბაიდენი - შვედეთი ნატო-ს მალე შეუერთდება, ეს აუცილებლად მოხდება, გპირდებით
შვედეთი ნატო-ს მალე შეუერთდება, ეს აუცილებლად მოხდება, გპირდებით, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
აშშ-ს საჰაერო ძალების აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა აღნიშნა, რომ მიუხედავად რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მცდელობისა, დაარღვიოს ალიანსი უკრაინაში შეჭრით, ნატო უფრო ძლიერი ხდება.
„რუსეთის მცდელობა, რომ დაარღვიოს ალიანსი, ნატო-ს კიდევ უფრო აძლიერებს. მას კიდევ უფრო აძლიერებს ფინეთი და მალე შვედეთიც შეუერთდება. ეს აუცილებლად მოხდება, გპირდებით“, – განაცხადა ბაიდენმა.
მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მოუწოდა თურქეთს, დაუყოვნებლივ დაუშვას შვედეთის გაწევრიანება ნატო-ში და აღნიშნა, რომ ქვეყანამ უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ამისთვის.