ჯო ბაიდენი - რუსეთს შეღავათიანი სავაჭრო პარტნიორის სტატუსი ჩამოერთმევა
აშშ უერთდება ნატო-ს და დიდი შვიდეულის წევრ ქვეყნების მოწოდებას, რომ რუსეთს „ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების“ (შეღავათიანი, უპირატესი) მუდმივმოქმედი სტატუსი ჩამოერთვას. შედეგად რუსეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე ტარიფების დაწესება გახდება შესაძლებელი.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ყველა ქვეყანა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებს.
„ახლახანს ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და როგორც ყოველთვის, ვუთხარი, რომ აშშ უკრაინელი ხალხის გვერდით დგას, როდესაც ისინი სამშობლოს დასაცავად მამაც ბრძოლაში არიან ჩართული. პუტინი აგრძელებს შეტევას უკრაინაზე და შესაბამისად აშშ, ჩვენი პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, ვაგრძელებთ მუშაობას რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გასაძლიერებლად და გლობალურ სცენაზე რუსეთის მეტი იზოლაციისთვის. დღეს მოგვიანებით, ნატო-ს მოკავშირეებთან და დიდი შვიდეულის წევრ ქვეყნებთან ერთად, ჩვენ გამოვაცხადებთ რამდნიმე ახალ ნაბიჯს, რათა პუტინს პასუხი ვაგებინოთ მისი აგრესიისთვის უკრაინის წინააღმდეგ. მინდა, რამდენიმე ვახსენო. პირველ რიგში ჩვენ, ყველა ქვეყანა სათითაოდ ჩამოართმევს რუსეთს პრეფერენციული სავაჭრო პარტნიორის სტატუსს. აშშ-ის მიერ ამ სტატუსის ჩამორთმევა რუსეთს აშშ-თან ბიზნესის წარმოებას გაურთულებს, ხოლო ამ ნაბიჯის გადადგმა ბევრ სხვა ქვეყანასთან ერთად, რომლებიც გლობალური ეკონომიკის ნახევარს წარმოადგენენ, იქნება კიდევ ერთი მძიმე დარტყმა რუსეთის ეკონომიკისთვის, რომელიც უკვე დაზარალდა ჩვენი სანქციების გამო“, – განაცხადა ბაიდნმა.
ეს გადაწყვეტილება ბაიდენმა მას შემდეგ მიიღო, რაც რესპუბლიკელმა და დემოკრატმა კონგრესმენებმა პრეზიდენტს რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების მიღება მოსთხოვეს.
რუსეთისთვის ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების სტატუსის ჩამორთმევას კონგრესის მხარდაჭერა სჭირდება.
ამ სტატუსის ჩამორთმევის შედეგად, აშშ-ის სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან იქნება ისეთივე, როგორც ჩრდილოეთ კორეასთან და კუბასთან.
აშშ-ისთვის რუსეთის სავაჭრო პარტნიორების სიაში 23-ე ადგილზეა. 2021 წელს სავაჭრო ბრუნვამ 36,1 მილიარდი შეადგინა, საიდანაც 29 მილიარდი იყო რუსული იმპორტი.
რუსეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად ევროკავშირი რჩება, სადაც რუსეთის იმპორტის 41%-ი ხორციელდება. მეორე ადგილზეა ჩინეთი 13,4%-ით.