ჯო ბაიდენი - რუსეთს პასუხისგება მოუწევს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები მზად არიან, სერიოზული ზიანი მიაყენონ რუსეთს და მის ეკონომიკას
ჯო ბაიდენი - რუსეთს პასუხისგება მოუწევს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები მზად არიან, სერიოზული ზიანი მიაყენონ რუსეთს და მის ეკონომიკას

აშშ-ის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. ამის შესახებ განცხადება ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„დარწმუნებული არ ვარ, თუ რის გაკეთებას აპირებს. ვვარაუდობ, რომ შევა“, – აცხადებს ბაიდენი.

კითხვაზე, ხომ არ დაკარგეს აშშ-მა და ნატო-მ რუსეთზე ზემოქმედების ბერკეტი, წინა სანქციების არაეფექტურობის გათვალისწინებით, ბაიდენი აცხადებს, რომ რუსეთის ლიდერს კარგად ესმის ის ეკონომიკური სანქციები, რომლის ამოქმედებისთვისაც აშშ ემზადებოდა.

„მას არასდროს უნახავს ისეთი სანქციები, როგორის დაწესებასაც მე დავპირდი, თუკი ის შევა“, – აცხადებს ბაიდენი და აღნიშნავს, რომ სადამსჯელო ზომები რუსეთის შეჭრის მასშტაბზე იქნება დამოკიდებული.

„ერთი საკითხია მცირე შეჭრა და იმაზე დავა, თუ რა მოვიმოქმედოთ ან არ მოვიმოქმედოთ. თუმცა, თუ ისინი რეალურად გააკეთებენ იმას, რისი უნარიც შესწევთ საზღვართან თავმოყრილი ძალებით, ეს იქნება კატასტროფა რუსეთისთვის, თუ ისინი შემდგომში შეიჭრებიან უკრაინაში. ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები მზად არიან, მიაყენონ სერიოზული ზიანი რუსეთს და რუსეთის ეკონომიკას. რუსეთს პასუხისგება მოუწევს შეჭრის შემთხვევაში“, – აცხადებს ბაიდენი და აღნიშნავს, რომ პუტინს მტკიცე არჩევანი აქვს იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება განახორციელოს.

კითხვაზე, სურს თუ არა პუტინს მორიგი „ცივი ომი“ რუსეთსა და აშშ-ს შორის, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ რუსეთი დასავლეთის „გამოცდას“ განაგრძობს.

ბაიდენი აღნიშნავს, რომ მისი აზრით, ვლადიმერ პუტინი საბჭოთა კავშირის, როგორც „ზესახელმწიფოს დაშლას ნანობს“. მისივე თქმით, რუსეთის ლიდერი ცდილობს, იპოვოს რუსეთის ადგილი ჩინეთსა და დასავლეთს შორის.  აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, პუტინის ორი პრიორიტეტია – დაასრულოს ნატო-ს გაფართოება და თავიდან აირიდოს რეგიონებში სტრატეგიული შეიარაღების განთავსება, რაც საფრთხეს უქმნის რუსეთს.

ჯო ბაიდენმა ასევე პირობა დადო, რომ ის პოლონეთში კონტინგენტს გაზრდის. პრეზიდენტის თქმით, ეს „წმინდა ვალია“.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს მოკავშირეები იყვნენ ერთსა და იმავე პოზიციაზე რუსეთის პოტენციური თავდასხმის საშიშროებასთან მიმართებაში.