ჯო ბაიდენი - რუსეთმა უკრაინაში ზებგერითი რაკეტა გამოიყენა, განიხილავს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობას
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინაში ზებგერითი რაკეტა გამოიყენა და განიხილავს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობას. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც ბაიდენმა აღნიშნა, ვლადიმერ პუტინი კედელთან არის მიმწყვდეული და არის მკაფიო ნიშნები, რომ ის განიხილავს უკრაინაში ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობას.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება რუსეთის განცხადებები, თითქოს ამერიკას ევროპაში ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღი გააჩნია. ბაიდენის თქმით, ეს ბრალდებები მოსკოვის მხრიდან არის იმის მკაფიო მინიშნება, რომ ის განიხილავს ორივე ტიპის იარაღის გამოყენების საკითხს. ამასთან, ბაიდენის ადმინისტრაცია არ გამორიცხავს, რომ რუსეთის მხრიდან აშშ-ის წინააღმდეგ კიბერთავდასხმები განხორციელდეს.
„მას უკვე გამოუყენებია ქიმიური იარაღი წარსულში და ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება მოხდეს. მან იცის, რომ იქნება სერიოზული შედეგები ნატო-ს ერთიანი ფრონტის გამო, თუმცა საქმე იმაშია, რომ ეს რეალურია. მინდა თქვენთან ძალიან მოკლედ აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელსაც ის ყველაზე დიდი ალბათობით გამოიყენებს არის კიბერთავდასხმები. მათ ძალიან განვითარებული კიბერშესაძლებლობები აქვთ. დღეს ჩემმა ადმინისტრაციამ გამოსცა განახლებული გაფრთხილება, რომელიც სადაზვერვო მონაცემებს ეფუძნება, რომ რუსეთი შესაძლოა ჩვენს წინააღმდეგ კიბერთავდასხმებს გეგმავდეს“, – განაცხადა ბაიდენმა.
ჯო ბაიდენმა მადლობა გადაუხადა კომპანიებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაში დახმარებისთვის.
„თქვენ ძალიან ბევრი გააკეთეთ, რათა დაგვხმარებოდით სანქციების დაწესებაში და რუსეთის ეკონომიკისთვის რეალური საფასურის დაწესებაში. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ეს მნიშვნელოვანი იყო. ის, რაც თქვენ გააკეთეთ, ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო“,- აღნიშნა ბაიდენმა.