ჯო ბაიდენი ქარიშხალ „ჰელენის“ შედეგად დაზარალებულ კაროლინაში ჩავიდა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ქარიშხალ „ჰელენის“ შედეგად დაზარალებულ სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინას ეწვია.
ბაიდენმა სამხრეთ კაროლინაში ჩასვლისას, ვერტმფრენით დაათვალიერა ტერიტორია. ეშვილში სახლები ნანგრევებად არის ქცეული, ხოლო მოსახლეობა კვლავ მოწყვეტილია გარესამყაროს.
„ქარიშხლის შედეგებთან გამკლავება და დაზარალებული ხალხის უზრუნველყოფა მილიარდობით დოლარი დაჯდება“, – განაცხადა ბაიდენმა ვაშინგტონის დატოვებამდე.
ამერიკის პრეზიდენტმა გასცა ბრძანება, ქარიშხლის შედეგად დაზარალებულ შტატში ათასი ჯარისკაცი გაეგზავნათ.
როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, ბაიდენი ჯორჯიისა და ფლორიდის შტატებს 3 ოქტომბერს ეწვევა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ქარიშხლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს მიაღწია. ოფიციალური პირების ინფორმაციით, სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინაში, ჯორჯიაში, ფლორიდაში, ტენესისა და ვირჯინიაში.