ჯო ბაიდენი პოლიციისთვის დაფინანსების შემცირებას ეწინააღმდეგება
ჯო ბაიდენი პოლიციისთვის დაფინანსების შემცირებას ეწინააღმდეგება

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა „სიბიესთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ პოლიციის დაფინანსების შემცირების მომხრე არ არის.

„მე მხარს არ ვუჭერ პოლიციისთვის დაფინანსების შემცირებას. მე მხარს ვუჭერ, რომ ფედერალური დახმარების გაცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდეს, თუ პოლიცია ღირსეულობის და წესიერების გარკვეულ სტანდარტს დააკმაყოფილებს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ კი წერს, რომ ბაიდენის განცხადება ეწინააღმდეგება აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ზოგიერთი წარმომადგენლის პოზიციას, რომლებიც პოლიციის დაფინანსების შემცირებას ემხრობიან.

ბაიდენის კომენტარი აშშ-ს მასშტაბით მიმდინარე რასიზმის საწინააღმდეგო აქციებს უკავშირდება, სადაც მოსახლეობის ნაწილი აშშ-ში პოლიციის უწყებებისთვის დაფინანსების შემცირებას მოითხოვს. აშშ-ში წამოწყებული აქციების ტალღა პოლიციის მიერ 46 წლის აფრო-ამერიკელი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის მიმართ ძალის გამოყენებას უკავშირდება, რა დროსაც ის გარდაიცვალა.