ჯო ბაიდენი ნიკოლ ფაშინიანს მოუწოდებს, აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს დაარეგულირებს, მიმდინარე წელს დაასრულოს
პატრიოტიზმის პოლიტიკაზე მაღლა დაყენებით თქვენ თამამად და თანმიმდევრულად აირჩიეთ მშვიდობის გზა, მოგიწოდებთ, რომ აზერბაიჯანთან შეთანხმება წელს დაასრულოთ, – ამის შესახებ აღნიშნულია წერილში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს გაუგზავნა.
სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ წერილში აღნიშნულია, რომ მისასალმებელია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული სტაბილური პროგრესი სამშვიდობო შეთანხმების დასასრულებლად, რომელიც დაარეგულირებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს. წერილის თანახმად, შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს გრძელვადიან და ღირსეულ სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც საბოლოოდ დაასრულებს მრავალსაუკუნოვან კონფლიქტს.
„სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფს სომხეთის ერთიანობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტიას, არამხოლოდ სომეხი ხალხის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს, ეს გარდაქმნის მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონს. მოგეხსენებათ, სამშვიდობო შეთანხმების დარჩენილი მუხლების დასრულება მოითხოვს შეუპოვრობას, შემოქმედებითობას და კომპრომისს. პატრიოტიზმის პოლიტიკაზე მაღლა დაყენებით თქვენ თამამად და თანმიმდევრულად აირჩიეთ მშვიდობის გზა და მოგიწოდებთ, რომ აზერბაიჯანთან შეთანხმება წელს დაასრულოთ. ისევე, როგორც თქვენ, ჩემი ადმინისტრაციაც მზადაა, განახორციელოს გაბედული ინიციატივები, რაც ხელს შეუწყობს მშვიდობისკენ გზის გახსნას“, – აღნიშნულია ჯო ბაიდენის წერილში.