ჯო ბაიდენი - ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც აშშ-ის არჩევნებში ჩაერევა, საფასურს გადაიხდის
ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც აშშ-ის არჩევნებში ჩაერევა, საფასურს გადაიხდის, – ეს განცხადება აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სატელევიზიო დებატების დროს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას განაცხადა.
„ნებისმიერი ქვეყანა, რომელივ ჩაერევა აშშ-ის არჩევნებში, საფასურს გადაიხდის. თვალსაჩინოა, რომ 2020 წლის არჩევნებში რუსეთი ერევა. ასევე ერევა ჩინეთი და ახლა შევიტყვე, რომ იმავეს აკეთებს ირანიც. თუ მე პრეზიდენტად ამირჩევენ, ისინი ამისთვის საფასურს გადაიხდიან. ისინი აშშ-ის სუვერენიტეტში ერევიან. როგორც ვიცი, პრეზიდენტმა ტრამპმა მსგავსი ჩარევების შესახებ რუსეთის პრეზიდენტს არაფერი უთხრა. არ ვიცი რატომ არ უთხრა, მაგრამ ეს ასეა. არც ის ვიცი, ელაპარაკა თუ არა ტრამპი არჩევნებში ჩარევის თემაზე ირანელებს. ახლა არის სიტუაცია, როდესაც უცხო ქვეყნები ცდილობენ, ზემოქმედება მოახდინონ ჩვენი არჩევნების შედეგებზე. ტრამპის მრჩეველ რუდი ჯულიანს რუსეთი მარიონეტად იყენებს. მას სპეციალურად აწვდიან ინფორმაციას, რომელიც სიმართლე არ არის.
რუსეთის ქმედებების მიზანია, რომ მე აშშ-ის პრეზიდენტად არ ამირჩიონ, რადგან რუსებს კარგად ვიცნობ და ისინიც მიცნობენ. ვერ გეტყვით, რატომ არაფერს ეუბნება პრეზიდენტი ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ პუტინს, როდესაც რუსეთი ჯილდოს უხდის იმ ხალხს, ვინც ავღანეთში ამერიკელ სამხედროებს დახოცავს. რატომ არაფერს ეუბნება ტრამპი პუტინს, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ნატო-ს დესტაბილიზაციას ცდილობს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.